en
  

ჟიურის სპეციალური პრიზი - მიხეილ ოდიშვილი - მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი

ახალგაზრდა ოსტატია, დაინტერესებულია ტრადიციული რეწვის სხვადასხვა სახეობით. ასწავლის კერამიკას, ხის მხატვრულ დამუშავებას, ატარებს ტრადიციული მჭედლობის, მეთუნეობის, ხეზე და ქვაზე კვეთის მასტერკლასებს ყველა მსურველისთვის. ძირითადი საქმიანობა ხის მხატვრული დამუშავებაა - შექმნილი აქვს არაერთი ეკლესიის ორნამენტებიანი კარი, წლების წინ აღადგინა ტრადიციული ცომეულის საბეჭდავი „ბიქილა“ და ბევრს ამზადებს დღესაც, სურს, დააბრუნოს გამოყენებაში თავისი ფუნქციით.

ჟიურის სპეციალური პრიზი - ქეთევან ნოზაძე - თბილისი

ბრენდ lampino-ს დამფუძნებელი. ქმნის არქიტექტურული დიზაინის სანათებსა და სუვენირებს, რომლებიც შთაგონებულია ძველი თბილისური არქიტექტურის ელემენტებით და პოპულარიზაციას უწევს მათ.

ჟიურის სპეციალური პრიზი - ოფელია ისპირიანი - ახალქალაქი, სოფ. დადეში

ახალქალაქის სოფელ დადეშში ეწევა თავის საქმიანობას: ტრადიციული ხელნაკეთი ხალიჩებისა და სხვა ნივთების შეგროვებას და ახლის შექმნას ძველზე. გასათვალისწინებელია მისი კონტექსტი - გარემო, სადაც მან კულტურული კერა შექმნა, ფაქტობრივად ერთადერთია სოფელში.

ჟიურის სპეციალური პრიზი - ანა ჯაფარიძე და ნინო კოპალაძე - თბილისი

მეგობრები, რომლებმაც ერთად დააარსეს სახელოსნო და ამზადებენ გათანამედროვებულ კერამიკულ სუვენირებს - თბილისური დეტალებითა და ქართული ორნამენტებით მოხატულს.

ჟიურის სპეციალური პრიზი - ლიანა ანიაშვილი - თბილისი

ქართული-ხალხური რეწვის ოსტატი, 1998 წლიდან მუშაობს ხევსურულ ორნამენტზე. არის ააიპ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის ასოციაციის დირექტორი 2018 წლიდან. 

ქმნის სამოსსა და აქსესუარებს, აფორმებს ტრადიციული ხევსურული ორნამენტებით.

ჟიურის სპეციალური პრიზი - მანანა ბერიშვილი - კახეთი, თელავი

თექისა და ხალიჩაზე ქსოვის ოსტატი, ხელოვნების მასწავლებელი. აქტიურად ჰყავს მოსწავლეები ჩართული ტრადიციული რეწვის სხვადასხვა კონკურსებსა და გამოფენებში.

ჟიურის სპეციალური პრიზი - დარიკო ჩიხლაძე - თბილისი

ოქრომკედითა და ვერცხლმკედით ნაქარგობის ოსტატი. აკეთებს სამუზეუმო ექსპონატების ასლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ცოდნას გადასცემს მომავალ თაობებს. ოქრომკედის ნაქარგით ქმნის როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებს.

III ადგილი - მანანა მჭედლიშვილი 

ტრადიციული ხევსურული „ნაჭრელას“ ხელით ქარგვის შენარჩუნების მიზნით, ტრადიციული მეთოდების დაცვით მისი თანამედროვე რეალობაში გამოყენება და პოპულარიზაცია: სამოსსა და აქსესუარებზე დატანა. აქვს ვებ-გვერდი და ფეისბუქ გვერდი, სადაც ყიდის თავის ნამუშევრებს. 

იკვლევს ოჯახებში შემორჩენილი ხევსურული ნაქარგების ძველ ნიმუშებს, ასრულებს მათ გრაფიკულ ნახაზებს მათი შემონახვისა და გადარჩენის მიზნით. 

ინიციატივა შეიტანა კულტ. მემკვიდრეობის სააგენტოში ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში დამატების მოთხოვნით.

III ადგილი - ნანა აზიზიანი - თბილისი

ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი, ოჯახის სხვადასხვა თაობის ტრადიციული ხელობის გამგრძელებელი. ქმნის ცნობილი სამუზეუმო ექსპონატების ასლებს და მოძრავი მუზეუმის კონცეფციით, დაატარებს როგორც თბილისის, ისე რეგიონის სკოლებში, რითაც პოპულარიზაციას უწევს ქართულ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას.

III ადგილი - მამუკა ხოშტარია - თბილისი

ხის ტრადიციული დამუშავების ოსტატი და დარგის აქტიური გულშემატკივარი. თავადაც აწარმოებს ხის ეკოლოგიურ პროდუქტს - ქვევრის ფორმის თხილის და კაკლის სატეხს - რომელიც ეძღვნება ქართულ ქვევრს. ნაკეთობებისთვის იყენებს შეშას, წარმოების ნარჩენებს და მდინარის მიერ მოტანილ ხეებს. სურს, თავისი 40 წლიანი გამოცდილება ამ დარგში გაუზიაროს მომავალ თაობასაც.

 II ადგილი - ნინო ბახუტაშვილი - დედოფლისწყარო, კახეთი

ტრადიციული მეფარდაგეობის მკვლევარი. სიღრმისეული კვლევის ფარგლებში მოიძია ნიმუშები და აღადგინა თუშური, აჭარული, ფშაური და სამცხე-ჯავახეთის ფარგადები. 2006 წელს დედოფლისწყაროში დაარსა სახელოსნო "ფესვები," რომლის მისიაა ქართული ფარდაგის ქსოვისა და ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტექნოლოგიის აღდგენა. სახელოსნო თავის საქმიანობას პოპულარიზაციას უწევს როგორც საქართველოში, ისე -  საზღვრებს გარეთაც. ქმნის ტურისტულ პროდუქტებს. 

აპირებს, იყალთოს აკადემიასთან ახალი სახელოსნო შექმნას. სახელოსნოში შემუშავდება ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კოლექცია, რომლის შემოქმედებითად გათანამედროვება  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელოსნოსა და ამ რეგიონის განვითარებაში.

I ადგილი - ერმინე მაღრაძე - შიდა ქართლი, გორი

გამორჩეული, დამსახურებული მეცნიერი და ტიხრული მინანქრის ოსტატია. 1975 წელს ქალაქ გორში დააარსა ქართული ოქრომჭედლობის კვლევითი ლაბორატორია და სკოლა, რომელიც წლების მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ ამზადებს ნებისმიერი ზრდასრული ასაკის მქონე მსურველებს. ამ სკოლის ძირითადი მიზანი არის უძველესი ქართული ოქრომჭედლობის ტრადიციების კვლევა, აღდგენა და ახალი ტექნოლოგიების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების მომავალ განვითარებას.