მეტი ინფორმაცია

რვა მიზეზი

რატომ არ უნდა განხორციელდეს გზის პროექტი ხადას ხეობაში
და რატომ უნდა შეირჩეს ალტერნატიული მარშრუტი

 

ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა

 ხადას ხეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხეობათა შორის თავისი ისტორიული ღირებულებით. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ  „60 კოშკის ქუეყანად“ წოდებული ხადას ხეობა წარსულში საქართველოს ჩრდილო კავკასიასთან აკავშირებდა. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ეს ხეობა ბოლო 2000 წლის მანძილზე განვითარებული დრამატული პოლიტიკური მოვლენების მომსწრეა.  კოშკებისა და სხვა საერო და საეკლესიო  ნაგებობათა ნაწილი დღესაც შემორჩენილია ხეობის უნიკალურ ისტორიულ ლანდშაფტში. ეს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა სათანადო შესწავლასა და დაცვას საჭიროებს, როგორც საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად,  დაუშვებელია აქ მასშტაბური გზის პროექტის განხორციელება, ხიდებით, გვირაბებითა და ინფრასტრუქტურით, რასაც ეს პროცესი მოასწავებს. შემოთავაზებული პროექტი ერთი ხელის მოსმით მოსპობს კავკასიონის მთიანეთის ამ  განუმეორებელი კარიბჭის ისტორიულ გარემოს. ასე ფიქრობს ქართველთა უმეტესობა და ხადას ხეობის გადარჩენას ითხოვს, მით უფრო, რომ არსებობს ალტერნატივა.

 

ბუნებრივი მემკვიდრეობა

ხადას ხეობა სილამაზით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია საქართველოში. მრავალი ფოტოგრაფი და ხელოვანი აქ მხოლოდ იმისთვის ჩამოდის, რომ  უმშვენიერესი ხედები აღბეჭდოს, მეტადრე ქოროღოს ღვთისმშობლის მე-11 საუკუნის ტაძრიდან  (იხ.ფოტო). ასეთ ადამიანთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, მათ ემატება ჩიტებზე დამკვირვებლები, ენდემური მცენარეებით დაინტერესებული ტურისტები და სხვები. ხეობის თვითმყოფადობა და იქ დასადგურებული სიმშვიდე  მისი მიმზიდველობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ასპექტია, რაც სულ უფრო იშვიათი ხდება საქართველოს ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ადგილებში. გზის გაყვანა მოსპობს ამ განუმეორებელ ხიბლს.

რელიგია და უფლება სიმშვიდეზე

ეს არის მშვიდობიანი ხეობა, სადაც წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში იქადაგა ქრისტიანობა და საქართველო ქრისტიან ერად აღიარა. აქ დღემდე თითქმის ხელუხლებლად არის შენარჩუნებული უძველესი ქრისტიანული კერები,  რომლებიც  სულიერი ჩაღრმავებისა და ამაღლების საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, ახალი გზა გადის სწორედ ხეობის მთავარ ეკლესიასთან, ბექოთკარის შუა საუკუნეების წმინდა გიორგისთან; უშუალოდ სასაფლაოს კიდეს  უვლის გვერდს. ბევრ სხვა ქვეყანაში ეს არ იქნებოდა ნებადართული როგორც რელიგიური გრძნობების პატივისცემის, ასევე ისტორიული ნაგებობების (ეკლესიისა და სამრეკლოს) დაცვის აუცილებლობის გამო.

ლაშქრობა და ეკოტურიზმი

დღემდე ხელუხლებელმა ხადას ხეობამ შეინარჩუნა ავთენტიკურობა. ამიტომ ბოლო წლების მანძილზე ის ქართველი და უცხოელი ტურისტების, მოლაშქრეების მზარდ რაოდენობას იზიდავს. ხეობის თვითმყოფადი ხასიათის გარდა ამ ინტერესს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს: თბილისთან სიახლოვე (1 საათისა და 25 წუთის სავალზე მანქანით) და ერთდღიანი სალაშქრო მარშრუტების მრავალფეროვნება.  აქ დიდი ასპარეზია ჩიტებზე დამკვირვებლებისთვისაც: ევროპის ყველაზე დიდი ფრინველი, შავი სვავი, ადვილი სანახავია ხეობაში. იმის გამო, რომ კავკასიის ეს მაღამთიანი ხეობა 12 თვის განმავლობაში არის მისაწვდომი, 9 კილომეტრიანი ხადას ხეობა მარტივად შეიძლება იქცეს ეკო-ტურიზმის განვითარების. კერად. ეს კი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან ეკოლოგიური ტურიზმი მზარდ პოპულარობას იძენს გლობალური მასშტაბით. ამაზე საქართველოს ყველა ტურისტული კომპანია და ტურ-ოპერატორი თანხმდება. საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს თავისი პოზიცია ერთობლივი წერილით ხადას ხეობაში ეკო-ტურიზმის პოტენციალისა და გზების პროექტის მიზანშეუწონლობის თაობაზე. ამ ფაქტის აღიარებით, ასევე ხადას ხეობის შენარჩუნებითა და დაცვით, საქართველოს მთავრობას შეექმნება შესაძლებლობა ქვეყანა პროგრესული კუთხით წარმოაჩინოს,   მდგრადი განვითარების ხედვა გაიზიაროს და სიცოცხლისუნარიანი ტურიზმი განავითაროს.

ადგილობრივი თემის დასაქმება და მდგრადი ინდუსტრია

ხადას ხეობა განფენილია საქართველოს მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტის, გუდაურის, უშუალო სიახლოვეს, და მისგან წყალგამყოფი ქედით არის გამიჯნული. მიუხედავად მნიშვნელოვნად განვითარებული  ინფრასტრუქტურისა, მაისიდან დეკემბრამდე თოვლის საფარს გარეშე დარჩენილი გუდაური მოკლებულია ეკონომიკურ სიცოცხლეს. მრავალი სასტუმროდან სულ რამდენიმე მუშაობს და ადგილობრივი ინდუსტრია მიძინებულია დეკემბრის პირველი თოვლის მოსვლამდე. ხადას ხეობაში სალაშქრო და ეკო-ტურიზმის, ასევე კულტურული ტურიზმის განვითარებით ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში გუდაური ახალ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას შეიძენს, როგორც ეს ხდება ამ ტიპის კურორტებზე შვეიცარიასა და ავსტრიაში. ხადას ხეობისა და გუდაურის ერთობლივ ჭრილში განხილვა და ეკო-ტურიზმის კუთხით განვითარება ადგილობრივი თემის დასაქმებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების უნიკალური შესაძლებლობაა, მაშინ როცა მასობრივი ტრანზიტის დერეფნის შექმნა ხადას ხეობაში უაღრესად დააზიანებს მის თვითმყოფად ეკო-სისტემას და მოსპობს ამ პოტენციალს.

სოფლების გადასახლება

გზების პროექტით გათვალისწინებულია მთელი რიგი სოფლების მოსახლეებისგან სახლების სავალდებულო გამოსყიდვა და სოფლის მკვიდრთა სხვაგან ჩასახლება. ეს განსაკუთრებით წკერეს ეხება,  რომელსაც დიდი სამშენებლო სამუშაოები ემუქრება. ხადადან ტრასის გადატანით გადასახლება და ხარჯი თავიდან აცილებული იქნება როგორც დეველოპერებისთვის, ასევე ადგილობრივი თემისთვის.

კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია და საქართველოს მომავალი

საქართველოს ეკონომიკური მომავალი დამოკიდებულია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ხადას ხეობას საამისოდ დიდი პოტენციალი გააჩნია მთის პეიზაჟში ჩაწერილი უნიკალური არქიტექტურით, რომელსაც კოშკების სიმრავლე განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ხეობის ისტორიული კოშკების აღდგენარეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ქვეყანაში კულტურული ტურიზმის  გავითარებაში  და ამ კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუხვეჭდა სახელს ხადას ხეობასა და საქართველოს. ეს განსაკუთრებული გარემო ვერ შენარჩუნდება ხეობაზე ახალი, ხმაურიანი, დამაბინძურებელი სატრანზიტო გზის გაყვანის შემთხვევაში.

ალტერნატიული მარშრუტი უფრო მარტივი და გამოსადეგია

ხადაზე გავლის ნაცვლად (კორიდორი III), არსებობს ორი ალტერნატიული გზა. ერთი ადის ზაქათკარის პლატოზე, შემდეგ კი ხადას ხეობას შორდება და გადადის გვირაბში, რომელიც უშუალოდ ქვემო გუდაურის ქვეშ იწყება (კორიდორი II). ამ გვირაბის გამოსასვლელი დაახლოებით 10 კმ-ში იქნება, იმავე ადგილას, რომელიც შემოთავაზებულ პროექტშია მინიშნებული, კობის სიახლოვეს. ეს მარშრუტი ითვალისწინებს ესოდენ საჭირო ახალ გზას გუდაურის სათხილამურო კურორტის მიმართულებით, მაგრამ უკუგდებულ იქნა ოდნავ უფრო მოკლე ხადას გვირაბის სასარგებლოდ. მეორე ალტერნატიული გზა (კორიდორი I) მიემართება არაგვის ხეობით, გვერდს უვლის დაცული ტერიტორიის კლდეებს, შემდეგ გადადის გეოლოგიური თვალსაზრისით უფრო უსაფრთხო გვირაბში (რადგან დაშორებულია სხვა ორი კოროდორის სიახლოვეს მდებარე ვულკანური კერისგან). ამ ხეობაში უკვე არსებული მნიშვნელოვანი ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების მიუხედავად, ეს ალტერნატიული გზაც უარყოფილ იქნა ზვავსაშიში ფერდების გამო. თუმცა ამ საფრთხის არიდება შესაძლებელია საგანგებო დამცავი გადახურვით და მაშინ ეს  იქნებოდა ბევრად უფრო გამართლებული მარშრუტი ხადას ხეობაზე გამავალ გზასთან შედარებით.

ამ მარშრუტის არჩევა გადაარჩენს საქართველოს ულამაზეს ხეობას და ამავდროულად უზრუნველყოფს ტრანსპორტის მოძრაობის საგრძნობ გაუმჯობესებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას ორს.