en
  

გამოფენები

საზმაუს ისტორიული შენობის შენარჩუნებისა და განვითარების კონცეფციური პროექტები

ევროპული მემკვიდრეობის კერის ფარგლებში ინიცირებული მეორე პროექტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის" 17 აპრილს გამოფენით დასრულდა. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, პირველი ტელევიზიის პირველი შენობა და საქართველოს გვიანი მოდენისტული პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შევარჩიეთ. ის არქიტექტურულ და მემორიალურთან ერთად სამეცნიერო ღირებულების მქონე შენობაცაა. კამპანიის ფარგლებში ჩავატარეთ ქუჩის ინტერვიუები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური განაცხადით მივმართეთ, რათა მიანიჭონ საზმაუს შენობას ძეგლის სტატუსი. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად ჩატარებული ოთხ დღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრა იყო. 3 გუნდში განაწილებულმა 17-მა სტუდენტმა ისტორიული შენობის შენარჩუნებისა და განვითარების კონცეფციურ პროექტებზე იმუშავა. სამუშაო შეხვედრას ლევან კალანდარიშვილი, ანა გულისაშვილი და გიორგი კიღურაძე ხელმძღვანელობდნენ. საბოლოო შედეგები დაინტერესებული საზოგადოებისთვის გამოფენაზე წარვადგინეთ. სტუდენტებს პროექტში წვლილის შეტანისთვის სერტიფიკატები გადავეცით.