ჩვენ შესახებ

საქართველოს ეროვნული ფონდი

2016 წლის ოქტომბერში თბილისში დაფუძნდა საქართველოს ეროვნული ფონდი. იგი დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფონდის საერთაშორისო ფილიალთან, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, INTO) თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა, წარმატებული ბრიტანული მოდელის მიხედვით.

ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთს, საქართველოს გააჩნია მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნება და სწორად განვითარება აუცილებელი პირობაა მისი პოტენციალის გამოყენებისთვის, იქნება ეს კულტურული ტურიზმის განვითარება თუ სხვა ბიზნესის ხელშეწყობა. ამ პირობის შესრულება, სულ ცოტა, თვითკმარს, ხშირ შემთხვევაში კი, ადგილობრივი მოსახლეობისა და ზოგადად ქვეყნისთვის მატერიალური სარგებლის მომტანს გახდის კულტურულ მემკვიდრეობას.

საქართველოში მცირეა იმ ეროვნულ ორგანიზაციათა რიცხვი, რომელიც ადამიანებს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გამოხატვის საშუალებას აძლევს. საქართველოს ეროვნული ფონდი შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს ჩაერთონ თავისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში, ამასთანავე შეიძინონ შენობებისა და მიწის შენარჩუნების პრაქტიკული გამოცდილებაც. ფონდში გაწევრიანებით მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ სათანადოდ დააფასონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და იამაყონ ამ ფასეულობით.

წევრობა

საქართველოს ეროვნული ფონდის წევრობა შეაგულიანებს საქართველოს მოქალაქეებს გააცნობიერონ არა მხოლოდ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, არამედ შეუერთდნენ გაქრობის პირას მყოფი ძეგლებისა და ლანდშაფტის გადასარჩენად მოწოდებულ მზარდ გლობალურ მოძრაობასაც.

საქართველოს ფონდი შთაგონებულია დიდი ბრიტანეთის ფონდის წარმატებული მოდელითა და მისი ლოზუნგით “ყველასათვის, ყოველთვის”. დიდი ბრიტანეთის ფონდს 4 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს, იგი ყველასთვის ღიაა. მის შესახებ და მისი 4000-ზე მეტი საკუთრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.nationaltrust.org.uk

არქიტექტურული ძეგლებისა და მიწის ფლობა, მფლობელობაში გადაცემა

ფონდი შეიძენს მიწასა და ნაგებობებს იმ პირობით, რომ ისინი არასდროს გაიყიდება. ორგანიზაციის მიერ შეძენილი ან მემკვიდრეობით მიიღებული ქონების მართვა ფონდის პასუხისმგებლობაა. იგი მოქმედებს, როგორც მემკვიდრეობის გიგანტური, ცოცხალი ბანკი, სამთავრობო კონტროლისგან დამოუკიდებლად. ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში, საქართველოს ფონდი იქნება ეროვნული მემკვიდრეობის საიმედო, მიუკერძოებელი და არაკომერციული მეურვე.

არასამთავრობო და აპოლიტიკური

საქართველოს ეროვნული ფონდი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელია. ფონდი არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, პოლიტიკურ დაჯგუფებასა ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან. იგი არის სრულიად დამოუკიდებელი ერთეული. მისი აღმასრულებელი საბჭო შეირჩა მხოლოდ მემკვიდრეობის შენარჩუნების ინტერესის გათვალისწინებით. მიუკერძოებლობის ხარისხი და ორგანიზაციის უკიდურესად გამჭვირვალე სტრუქტურა საშუალებას აძლევს წევრებს და დონორებს თვალი გაადევნონ ფონდის გადაწყვეტილებებს, რომლებიც არა კონკრეტული პირების, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესს ითვალისწინებს, თანაც გრძელვადიანი განვითარების ჭრილში.

ბიზნეს-მოდელის პრინციპით ხელმძღვანელობა

ნაგებობების და და მიწის ფლობით ფონდს შეუძლია თავისი ქონება შემოსავლის წყაროდ აქციოს – ტურიზმის განვითარებით, გაქირავებით, ტერიტორიაზე შესვლის გადასახადის დაწესებით და ა.შ. თავისი ხასიათით ეს არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე მიმართული საქმიანობა, რადგან ის მიზნად ისახავს ფონდის საკუთრებაში არსებული მიწისა ან ნაგებობების შენარჩუნებას. ამგვარად ფონდი დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და, რაც მთავარია, ინახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ისტორიულ მეხსიერებასა და სასიცოცხლო ესთეტიკურ ღირებულებებს.

მოხალისეები და განათლება

ბრიტანეთის ეროვნული ფონდის საქმიანობაში დიდი წვლილი შეაქვთ მოხალისეებსა  და კერძო პირებს, რომელთაც სურთ ქმედითი დახმარება გაუწიონ ქვეყანას ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. ამგვარი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და ხელშესახები შედეგის მისაღებად ფონდი პროექტების საფუძველზე მუშაობს. იგი ხელს უწყობს ადამიანებს გაერთიანდნენ საერთო კეთილი საქმისთვის, ისიამოვნონ  მომსახურებით, შემეცნებით, თანამშრომლობით, შეიგრძნონ საერთო ზრუნვის სარგებელი. იგივეს ისახავს მიზნად საქართველოს ეროვნული ფონდი.

იურიდიული განსაზღვრება  

საქართველოს ეროვნული ფონდი რეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია. იგი არის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა. იგი დაფუძნდა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ფონდის საერთაშორისო ფილიალთან (INTO) თანამშრომლობით, იგივე სტრუქტურისა და ეთიკური ნორმების საფუძველზე.

სხვა ქვეყნების მაგალითებმა აჩვენა, რომ ახალი ფონდის წარმატებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობა. შესაბამისად, ფონდის მიზანს შეადგენს აგრეთვე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი თემის ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხებში. ფონდი არასოდეს გახდება მთავრობის, ბიზნესის თუ მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, თუმცა ითანამშრომლებს ყველა ჩამოთვლილ მხარესთან.

მონაწილეობა

ფონდი ელის დახმარებას, შემოწირულობასა და მონაწილეობას ყველასგან, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მდიდარი ისტორიული გარემო.  ეს ინიციატივა შეიძლება  ქვეყნის შიგნიდანაც მოდიოდეს და მის ფარგლებს გარედანაც. ჩვენი საწყისი უშუალო ამოცანებია სათაო ოფისის რესტავრაცია საერთაშორისო კონსერვაციის სტანდარტების შესაბამისად, გამოფენების, დისკუსიების, საგანმანათლებლო და სამუშაო გამოცდილების გაზიარება, ხელოვანთა გაცვლის ორგანიზება და თანდათანობით ჩვენი საქმიანობის გაფართოება სხვა საკუთრების შეძენით. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე თვეში გვექნება გაწევრიანების შეთავაზების შესაძლებლობა.